თელავი, 2025 წლის აგვისტო“კონცეფცია-ქართული სახელმწიფოს“ ინიციატივით თელავში განხორციელდა პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება რეგიონებში“, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და ფინანსური განათლების ამაღლებას.

პროექტი განხორციელდა ადგილობრივი კოორდინატორების მხარდაჭერით და მოიცავდა რეგიონულ ტრენინგს, სადაც მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 20-მდე ქალმა — მათ შორის მცირე ბიზნესის მფლობელებმა, თვითდასაქმებულებმა და სტარტაპის დაწყებით დაინტერესებულმა მოქალაქეებმა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა ფინანსური დაგეგმვის, მეწარმეობის, ბიზნესის მართვისა და ინვესტიციების დაგეგმვის მიმართულებით. მონაწილეებმა ისწავლეს ბიუჯეტის შედგენა, შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, მცირე ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ძირითადი ნაბიჯები.

პროექტის ორგანიზატორების განცხადებით, პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ, იგეგმება პროგრამის გაგრძელება სხვა რეგიონებში — მათ შორის გორში, ზუგდიდსა და ბათუმში.
მომდევნო ფაზაში დაგეგმილია ონლაინ ტრენინგების დანერგვა, მენტორთა ქსელის გაფართოება და მცირე ბიზნესის განვითარების კონსულტაციური პლატფორმის შექმნა.

„ჩვენი მიზანია ქალებს შევთავაზოთ არა მხოლოდ ცოდნა, არამედ რეალური შესაძლებლობები ეკონომიკურ საქმიანობაში ჩასართავად. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური სტაბილურობის განმტკიცებას,“ — განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა და პროექტის მენტორმა ამირან კილაძემ.

პროექტი წარმოადგენს ორგანიზაციის იმ ინიციატივათა ნაწილს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონული განვითარების, სამეწარმეო განათლებისა და მოქალაქეთა ეკონომიკური აქტივობის ზრდას.


📍კონცეფცია „ქართული სახელმწიფო“ წარმოადგენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პლატფორმას, რომლის სტრატეგიული მიზანია საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლიანი ეკონომიკური გარემოსა და მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა.