კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს ეკონომიკური ხედვა და პოლიტიკა ეფუძნება გაერთიანების ექსპერტთა მიერ შემუშავებულ პროგრამას და მიმართლია მოსახლეობის მატერიალური დონის და შემოსავლების ზრდის ამაღლებისაკენ. რაც შესაძლებელია განხორციელდეს ერთის მხრივ სახელმწიფოს მეტი ჩართულობით ეკონომიკურ პროცესებში და მეორეს მხრივ ბიზნესის მეტად აქტივობის და ინვესტიციების სტიმულირების ხარჯზე.

ჩვენი ეკონომიკური მოდელი

კონცეფცია – ქართული სახელმწიფო ცალსახად მხარს უჭერს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრონციპებს. ამასთან ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე, სოციალური პოლიტიკის გატარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე და მოსახლობისათვის გადასახადების შემცირებაზე. ეს არის ეკონომიკური მოდელი რაც უზრუნველყოფს – საქართველოს  მოსახლეობის მეტი კეთილდღეობას, განვითარებასა და სოციალური დაცულობას.

გადასახადები – ჩვენი ხედვით, ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ერთის მხრივ შემცირდეს გადასახადები მოსახლეობისათვის, წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის, ხოლო მსხვილი ბიზნესისთვის დაწესდეს სამართლიანი საგადასახადო ტვირთი. გადასახადბის სახეობების მიხედვით: შემოღებულ იქნას საშემოსავლო გადასახადის პროგრესული სისტემა ანუ მცირე და საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობისათვის საშემოსავლო გადასახადი შემცირდეს 20%-დან 10%- ან 0%მდე, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფისათვის ის გაიზარდოს პროგრესული შკალით 20%-დან 50%-მდე. განაწილებული მოგების გადასახადი შემცირდეს წვრილი და საშუალო ბიზნესისათვის 15%-დან 5%-მდე, ხოლო მსხვილი ბიზნესისათვის (მათ შორის ბანკები, ტოტალიზატორები და ა.შ.) ის გაიზარდოს პროგრესული შკალით 15%-დან 50%-მდე; დღგ-თი (დამატებული ღირებულების გადასახადი) დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარი გაიზრდოს 100,000 ლარიდან 200,000 ლარამდე (გასათვალისწინებელია ინფლაციის ფაქტორი), ამასთან შემცირდეს დღგ-ს განაკვეთი 15%-მდე; ქონების გადასახადის გადახდა საქართველოს მოქალაქეების მსგავსად, ასევე აუცილებელი გახდეს საქართველოში ქონების მფლობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის; გადაიხედოს საპენსიო შენატანის დღევანდელი სისტემა და მოსახლეობას მიეცეს საკანონმდებლო გარანტიები, რომ დაგროვილი თანხები მათ აუცილებლად დაუბრუნდებათ;

სახელმწიფოს ჩართულობა ეკონომიკაში – დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო არ ასრულებს აქტიურ როლს ეკონომიკის განვითარებაში და ძირითადად შემოიფარგლება ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც თავის მხრივ აუცილებელია ეკონომიკის განვითარებისათვის, თუმცა არასაკმარისი. ჩვენი ხედვაა, რომ სახელმწიფომ შეიმუშავოს ეკონომიკური განვითარების ქმედითი გრძელვადიანი სტარატეგია სხვადასხვა სფეროს ექსპერტების მონაწილეობით. ასევე შემცირდეს ბიუროკრატიული აპარატი, აღმოიფხვრას სახელმწიფო სამსახურებში დასაქმება ნათესავური თუ პარტიული ნიშნით. ასევე სახელმწიფო ბიუჯეტიდან შემცირდეს პრემიების, დანამატების და სხვადასხვა არასაჭირო ხარჯების დაფინანსება. მოხდეს გადასახადის გადამხდელთა ფულის ხარჯვის კონტროლი. ამოქმედდეს რეალურად ანტი-კორუფციული და ანტი-მონოპოლისტური კანონმდებლობა და შესაბამისი სტრუქტურები. შეწყდეს საბიუჯეტო სახსრების კორუფციასა და ნეპოტიზმში გაფლანგვა.

ფასების რეგულირება – ერთის მხრივ, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფოს ფასების რეგულირების სფეროში ჩართულობა მინიმალური უნდა იყოს. თუმცა ეს ეხება განვითარებულ და მოსახლეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოების ეკონომიკებს (ამასთან აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებშიც სახელმწიფოები სულ აქტიურად ერევიან ეკონომიკის სხვადასხვა საკითხებში). აქედან გამომდინარე არის სიტუაციები, როდესაც სახელმწიფოს ჩართულობა და რეგულაციები აუცილებელი ხდება. განსაკუთრებით ეს ეხება მედიკამენტებს, მკურნალობას და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასებს. ეს აუცილებელია, რათა მოხდეს მოსახლეობის არაკეთილსინდისიერი და არასამართლიანი ფასების ზრდისაგან გამოწვეული უარყოფითი ეფექტისაგან დაცვა.  

სწორი ეკონომიკური მოდელი ქვეყნის განვითარების საფუძველია