კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების განხორციელება, რაც პოლიტიკურ პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდისაკენ იქნება მიმართული. გაერთიანების ხედვა და პოლიტიკური სტრატეგია ეფუძნება გაერთიანების ექსპერტთა მიერ შემუშავებულ პროგრამას და მიმართლია ქართულ პოლიტიკაში მეტი დემოკრატიული და გამჭვირვალე სტანდარტების დანერგვისაკენ.
ჩვენი პოლიტიკური მოდელი

კონცეფცია – ქართული სახელმწიფო ცალსახად მხარს უჭერს თავისუფალი, დემოკრატიული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების და პოლიტიკური სისტემის მშენებლობას სახელმწიფოში. საქართველოს მომავალი პოლიტიკური და კონსტირუციური მოწყობის მოდელი აუცილებლად უნდა სარგებლობდეს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით. ამისათვის მთავარ ინსტრუმენტად კი, პირველ რიგში საქართველოში “რეფერენდუმის კულტურის” დამყარება მიგვაჩნია ანუ მოქალაქეთა ნების პირდაპირი გამოხატვა ხმის მიცემით სახელმწიფო მნიშვნელობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.

რეფერენდუმი – ეს არის პირდაპირი დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. რეფერენდუმი არის საზოგადოების მონაწილეობის ერთ-ერთი საშუალება სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. რეფერენდუმი არის მოქალაქის და მთლიანად საზოგადოების მიერ ხელისუფლებაზე გავლენის და კონტროლის ინსტრუმენტი. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეფერენდუმები არ გამართულა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საქართველოს ძლიერ საპრეზიდენტო სახელმწიფოდ ჩამოყალიბება; საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლა; ქართული ოცნების მმართველობის დროს კონსტიტუციური ცვლილებები და პრეზიდენტის არჩევითობის გაუქმება; რა უნდა გაკეთდეს ? კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს “რეფერენდუმის კულტურა” და დაკანონდეს ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა საყოველთაო რეფერენდუმის გზით, რაც პირველ რიგში დაამკვიდრებს სამართლიანობის პრინციპს, გათვალისწინებული იქნება მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესები, და ამასთან თავიდან აგვაცილებს დაპირისპირებას საზოგადოებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, რადგან ნებისმიერი საკითხი გადაწყდება ყველაზე სამართლიანი მექანიზმის – რეფერენდუმის გზით.

საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა – კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს გუნდს მიაჩნია, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოსათვის მმართველობის და ხელისუფლების განხორციელების საუკეთესო მოდელი. საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკაში იგულისხმება შერეული მმართველობის მოდელი, რომელიც პოულობს ბალანსს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის. შერეული რესპუბლიკის მმართველობის სისტემაში, პრეზიდენტის გარდა, არის პრემიერ-მინისტრის პოსტი და მთავრობა, ხოლო მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. ის განსხვავდება დღეს ჩვენს ქვეყანაში საპარლამენტო რესპუბლიკისგან იმით, რომ ჩვენ გვყავს ხალხის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა საზეიმო პიროვნება, და საპრეზიდენტო სისტემისგან იმით, რომ პრეზიდენტი პირდაპირ აირჩევა და ის რეალური, თუმცა შეზღუდული ძალაუფლებით სარგებლობს, ხოლო მთავრობა უშუალოდ პასუხისმგებელია საკანონმდებლო ორგანოს წინაშე, რომელსაც შეუძლია მთავრობის დათხოვნა. საპარლამენტო-საპრეზიდენტო შერეულ მოდელში ძალაუფლება თანაბრადაა გადანაწილებული პარლამენტს, პრეზიდენტს და მთავრობას შორის, რაც გამორიცხავს ძალაუფლების უზურპირების, მიტაცების და ბოროტად გამოყენების საფრთხეებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა – ადგილობრივი თვითმმართველობა ეს არის მექანიზმი, ხალხის შესაძლებლობა ზემოდან ჩაურევლად ადგილზევე გადაწყვიტონ მათ წინაშე მდგომი ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემები და მოახდინონ ადგილობრივი ხელისუფლების არჩევა და მათზე კონტროლის განხორციელება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს კომუნისტების მიერ 30-იან წლებში შემოღებული ადგილობირივი თვითმმართველობის სისტემა. ეს სისტემა ეკონომიკური და ორგანიზაციული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე წარმოადგენს აბსოლუტურად მოძველებულ და არაქმედით მოდელს, რომელიც აფერხებს ქვეყანაში ადგილობრივ დონეზე თითქმის ყველა სფეროს განვითარებას. თუმცა სასარგებლოა მთავრობისათვის, რადგან მარტივად ხდება რეგიონის მოსახლეობის მართვა და მათი უფლებების სრული იგნორირება. რა უნდა გაკეთდეს ? გეოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური ასპექტებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობა დღეისათვის არსებული მხარეების საზღვრების მიხედვით, რაც ასევე ისტორიულად არის ჩამოყალიბებული. ხოლო რაც შეეხება რაიონულ მოწყობას, რომელიც საქართველოსათვის განვითარების არცერთ ეტაპზე არ იყო დამახასიათებელი,  ევროპის თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ გამოიყენება და არ წარმოადგენს ნორმალურ მასშტაბს ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოსათვის. სამხარეო მოწყობის პირობებში რამდენიმე მცირე ტერიტორიაზე მოქმედი რაიონული საკრებულოების და გამგეობების ნაცვლად მივიღებთ საყოველთაო წესით არჩეულ, ერთიან, ოპტიმალური რაოდენობის დეპუტატებით (მიახლოებით იგივე რამდენიც ერთ რაიონულ საკრებულოში) დაკომპლექტებულ უკვე რეგიონული მასშტაბის ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოს და ასევე რამოდენიმე რაიონული გამგეობის ნაცვლად ერთ მივიღებთ პირდაპირი წესით არჩეულ გამგებელს და სამხარეო გამგეობას, რომელიც რამდენიმე რაიონის გაერთიანების შედეგად შექმნილ ტერიტორიაზე იფუნქციონირებს.