კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს ხედვა განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას, სადაც იგულისხმება განვითარებული ევროპული და მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილება. ჩვენი გაერთიანების ექსპერტთა კლუბის მიერ შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები და ინიციატივები, კლუბი ასევე აგრძელებს მსჯელობას და მუშაობას განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში. ქვეყანაში არსებული განათლების პროგრამა შესაძლებლობას უნდა აძლევდეს მოსახლეობას მიიღოს უმაღლესი დონის განათლება, დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს და აითვისონ დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში საჭირო უნარები, რათა შეძლონ როგორც საკუთარი თავის და ოჯახების ღირსეულად უზრუნველყოფა, ასევე გამოადგნენ საზოგადოებას და სახელმწიფოს. განათლებაში ჩადებული ინვესტიციები სახელმწიფოს და მოსახლეობის მომავალში ჩადებული ინვესტიციებია. მტავრობას უნდა ესმოდეს, რომ დღეს გაწეული ხარჯები ხვალ ბევრად მეტად დაუბრუნდება უკან ქვეყანას.

ჩვენი განათლების სისტემის რეფორმის მოდელი

კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს განათლების სისტემის ფლაგმანი კერძო უნივერსიტეტებთან ერთად უნდა ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტები. დღეს განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ნიშნავს ხვალინდელ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლობისათვის კეთილდღეობის ზრდას, სოციალური პრობლემების აღმოფხვრას. გამართული განათლების სისტემის ბენეფიტები – განვითარებული ეკონომიკა და საზოგადოება, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, მოქალაქეთა უფლებების დაცულობა, პოლიტიკოსების მეტი პასუხისმგებლობა და სხვა უამრავი.

სკოლების რეფორმა – სკოლა ზოგადი განათლების საფუძველია. სკოლა ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე უნდა ამზადებდეს მოსწავლეებს უმაღლეს სასწავლებლებში მოსაწყობად, თუმცა საქართველოში ეს უტოპიურად ჩანს. მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლების შრომის არასაკმარისი დაფასებაა, რაც მცირე ანაზრაურებაში და შრომის არასათანადო პირობებში გამოიხატება.ასევე არ ხდება მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა. შედეგად მასწავლებლის პროფესია არაპრესტიჟული და არამოთხოვნადია, საბოლო ჯამში ეს აისახება სკოლის განათლების სისტემის დაბალ ეფექტურობაზე ანუ ჩვენ შვილების განათლების დონეზე. რა უნდა გაკეთდეს ? პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს მასწავლებლის შრომის მნიშვნელობის გააზრება და დაფასება, ეს უნდა აისახოს გაზრდილ ხელფასებში (პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს მინიმუმ გაორმაგება), სათანადო შრომის პირობების შექმნაზე, რაშიც იგულისხმება მასწავლებლების და მათი ოჯახის წევრების დაზღვევის პაკეტების დაფინანსება, ასევე სხვადასხვა სახის შეღავათების დაწესება (კომუნალური, ცალკეულ პროდუქტებზე, დასვენების ხარჯების სრული ან ნაწილობრივი ანაზრაურება და სხვა), და აუცილებლად კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა (ყოველწლიურად სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო პროგრამების ორგანიზება).

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა – სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უნივერსიტეტები ქვეყნის განათლების სისტემის აქილევისი ქუსლია. აქ გაბატონებული კორუფციის და ნეპოტიზმის შედეგად უნივერსიტეტების წინაშე წარმოქმნილი პრობლემებია – ლექტორების 70-80% არაკვალიფიციური და არაპროფესიონალია, ყოვლად მოშლილია მენეჯმენტის და მართვის სისტემა, პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სტატუსის მინიჭება ძირითადად ნაცნობობის ან კორუფციული გარიგებების შედეგად ხდება. ეს ყოველივე კი რა თქმა უნდა კატასტროფულად აისახება სწავლების ხარისხსა და დონეზე. შედეგად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებლები თავის კურსდამთავრებულებს ვერ აძლევენ საკმარის კვალიფიკაციას წარმატებით დასაქმებისა და საკუთარი პროფესიით საქმოიანობისათვის. რა უნდა გაკეთდეს ? პირველ რიგში უნდა მოხდეს კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა, უნდა შემუშავდეს ლექტორების და პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე მიღების სამართლიანი, ღია სისტემა. ასევე უნდა გაიზარდოს სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს აბიტურიენტს ეკონომიკური შესაძლებლობის მიუხედავად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბება – პროფესიული სასწავლებლების მიზანია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები და პროფესიული გადამზადების პროგრამები. პროფესიული სასწავლებლების მიერ შეთავაზებული  არაფორმალური ან დამატებითი პროფესიული განათლება მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და პროფესიული საჭიროებების დაკმაყოფილებას, ადამიანის პროფესიულ განვითარებას, იმის უზრუნველყოფას, რომ მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს პროფესიული საქმიანობის ცვალებად პირობებსა და სოციალურ გარემოს. პროფესიული სასწავლებლები ასევე მოსახერებელია ადამიანებისათვის, რომლებსაც რიგ მიზეზთა გამო არ შეუძლიათ იარონ სკოლაში, უნივერსიტეტებში და ა.შ. ამასთან ქვეყანაში არის მაღალ პროფესიული ტექნიკური განათლების მქონე პროფესიული კადრების დეფიციტი, როგორიცაა ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, მალიარები და სხვა მსგავსი პროფესიები. რა უნდა გაკეთდეს ? სახელმწიფოს მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც მოამზადებენ შესაბამის კადრებს, მოახდენენ მათ სერტიფიცირებას ან დიპლომირებას. ეს დადებითად აისახება მთლიანად მოსახლეობაზე, შემცირდება უმუშევრობა და გაიზრდება სხვადასხვა პროფესიების ადამიანების კვალიფიკაცია, ასევე მათ სამსახურზე მოთხოვნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

განათლება ქვეყნის და საზოგადოების მომავალი განვითარების საფუძველია