კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს ხედვა განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებას და პრაქტიკას, სადაც იგულისხმება განვითარებული ევროპული და მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილება. ჩვენი გაერთიანების ექსპერტთა კლუბის მიერ შემუშავებულია შესაბამისი რეკომენდაციები და ინიციატივები, კლუბი ასევე აგრძელებს მსჯელობას და მუშაობას განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში. ქვეყანაში არსებული განათლების პროგრამა შესაძლებლობას უნდა აძლევდეს მოსახლეობას მიიღოს უმაღლესი დონის განათლება, დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს და აითვისონ დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში საჭირო უნარები, რათა შეძლონ როგორც საკუთარი თავის და ოჯახების ღირსეულად უზრუნველყოფა, ასევე გამოადგნენ საზოგადოებას და სახელმწიფოს. განათლებაში ჩადებული ინვესტიციები სახელმწიფოს და მოსახლეობის მომავალში ჩადებული ინვესტიციებია. მტავრობას უნდა ესმოდეს, რომ დღეს გაწეული ხარჯები ხვალ ბევრად მეტად დაუბრუნდება უკან ქვეყანას.

ჩვენი განათლების სისტემის რეფორმის მოდელი

განათლების განვითარების სტრატეგია 2025–2035

კონცეფცია – ქართული სახელმწიფოს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს განათლების სისტემის ფლაგმანი კერძო უნივერსიტეტებთან ერთად უნდა ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტები. დღეს განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ნიშნავს ხვალინდელ სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლობისათვის კეთილდღეობის ზრდას, სოციალური პრობლემების აღმოფხვრას. გამართული განათლების სისტემის ბენეფიტები – განვითარებული ეკონომიკა და საზოგადოება, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, მოქალაქეთა უფლებების დაცულობა, პოლიტიკოსების მეტი პასუხისმგებლობა და სხვა უამრავი.

სტრატეგიული მიზანი:
საქართველოში განათლების სისტემის განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების ინტელექტუალურ და ეკონომიკურ წინსვლას.

ამოცანები:

  • მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისთვის.
  • თანამედროვე უნარების და პროფესიების ათვისება.
  • განათლების სისტემის მჭიდრო კავშირი შრომის ბაზართან.

მაჩვენებლები (KPIs):

  • 2030 წლისთვის განათლებაში ბიუჯეტის წილი გაიზრდება 10%-მდე.
  • 2035 წლისთვის საქართველოს სტუდენტების მინიმუმ 70% დასაქმებული იქნება საკუთარი პროფესიით.


სკოლების რეფორმა

სკოლების რეფორმა – სკოლა ზოგადი განათლების საფუძველია. სკოლა ყოველგვარი დამატებითი მომზადების გარეშე უნდა ამზადებდეს მოსწავლეებს უმაღლეს სასწავლებლებში მოსაწყობად, თუმცა საქართველოში ეს უტოპიურად ჩანს. მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლების შრომის არასაკმარისი დაფასებაა, რაც მცირე ანაზრაურებაში და შრომის არასათანადო პირობებში გამოიხატება.ასევე არ ხდება მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა. შედეგად მასწავლებლის პროფესია არაპრესტიჟული და არამოთხოვნადია, საბოლო ჯამში ეს აისახება სკოლის განათლების სისტემის დაბალ ეფექტურობაზე ანუ ჩვენ შვილების განათლების დონეზე. 

რა უნდა გაკეთდეს ? პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან უნდა მოხდეს მასწავლებლის შრომის მნიშვნელობის გააზრება და დაფასება, ეს უნდა აისახოს გაზრდილ ხელფასებში (პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს მინიმუმ გაორმაგება), სათანადო შრომის პირობების შექმნაზე, რაშიც იგულისხმება მასწავლებლების და მათი ოჯახის წევრების დაზღვევის პაკეტების დაფინანსება, ასევე სხვადასხვა სახის შეღავათების დაწესება (კომუნალური, ცალკეულ პროდუქტებზე, დასვენების ხარჯების სრული ან ნაწილობრივი ანაზრაურება და სხვა), და აუცილებლად კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა (ყოველწლიურად სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო პროგრამების ორგანიზება).

სტრატეგიული მიზანი:
ზოგადი განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც მოსწავლეს სრულად მოამზადებს უმაღლეს სასწავლებელში ან პროფესიულ გზაზე გადასასვლელად.

ამოცანები:

  1. მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლება.
  2. ანაზღაურებისა და სოციალური პირობების გაუმჯობესება.
  3. რეგულარული კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა.
  4. ინოვაციური საგანმანათლებლო მეთოდების დანერგვა.

ვადები:

  • 2026 წლიდან მასწავლებელთა მინიმალური ხელფასის გაორმაგება.
  • 2027 წლიდან ყოველწლიური სავალდებულო კვალიფიკაციის კურსების დაწყება.
  • 2030 წლამდე ყველა სკოლაში თანამედროვე ლაბორატორიების შექმნა.

KPIs:

  • მასწავლებლის პროფესიაზე კონკურსში ჩართული აპლიკანტების რაოდენობა გაიზრდება 50%-ით 2030 წლისთვის.
  • 2035 წლისთვის დამატებითი კერძო რეპეტიტორობის საჭიროება შემცირდება მინიმუმ 40%-ით.


სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა

სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რეფორმა – სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით სახელმწიფო უნივერსიტეტები ქვეყნის განათლების სისტემის აქილევისი ქუსლია. აქ გაბატონებული კორუფციის და ნეპოტიზმის შედეგად უნივერსიტეტების წინაშე წარმოქმნილი პრობლემებია – ლექტორების 70-80% არაკვალიფიციური და არაპროფესიონალია, ყოვლად მოშლილია მენეჯმენტის და მართვის სისტემა, პროფესორების და ასოცირებული პროფესორების სტატუსის მინიჭება ძირითადად ნაცნობობის ან კორუფციული გარიგებების შედეგად ხდება. ეს ყოველივე კი რა თქმა უნდა კატასტროფულად აისახება სწავლების ხარისხსა და დონეზე. შედეგად სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებლები თავის კურსდამთავრებულებს ვერ აძლევენ საკმარის კვალიფიკაციას წარმატებით დასაქმებისა და საკუთარი პროფესიით საქმოიანობისათვის. 

რა უნდა გაკეთდეს ? პირველ რიგში უნდა მოხდეს კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა, უნდა შემუშავდეს ლექტორების და პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე მიღების სამართლიანი, ღია სისტემა. ასევე უნდა გაიზარდოს სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს აბიტურიენტს ეკონომიკური შესაძლებლობის მიუხედავად მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება.

სტრატეგიული მიზანი:
სახელმწიფო უნივერსიტეტების გარდაქმნა მაღალხარისხიან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად.

ამოცანები:

  1. კორუფციისა და ნეპოტიზმის აღმოფხვრა.
  2. ღია კონკურსით ლექტორებისა და პროფესორების შერჩევა.
  3. სახელმწიფო საგრანტო პროგრამების გაფართოება.
  4. კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ვადები:

  • 2026 წლიდან იწყება აკადემიური თანამდებობების ღია კონკურსით შევსება.
  • 2028 წლისთვის სტუდენტთა 40% დაფინანსდება სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით.
  • 2032 წლისთვის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყობა საერთაშორისო სტანდარტების კვლევითი ლაბორატორიები.

KPIs:

  • 2030 წლისთვის კურსდამთავრებულთა დასაქმების დონე 70%-მდე.
  • 2035 წლისთვის QS მსოფლიო რეიტინგში 2 ქართული უნივერსიტეტი მოხვდება პირველ 500-ში.


პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბება

პროფესიული სასწავლებლების ჩამოყალიბება – პროფესიული სასწავლებლების მიზანია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები და პროფესიული გადამზადების პროგრამები. პროფესიული სასწავლებლების მიერ შეთავაზებული  არაფორმალური ან დამატებითი პროფესიული განათლება მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და პროფესიული საჭიროებების დაკმაყოფილებას, ადამიანის პროფესიულ განვითარებას, იმის უზრუნველყოფას, რომ მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს პროფესიული საქმიანობის ცვალებად პირობებსა და სოციალურ გარემოს. პროფესიული სასწავლებლები ასევე მოსახერებელია ადამიანებისათვის, რომლებსაც რიგ მიზეზთა გამო არ შეუძლიათ იარონ სკოლაში, უნივერსიტეტებში და ა.შ. ამასთან ქვეყანაში არის მაღალ პროფესიული ტექნიკური განათლების მქონე პროფესიული კადრების დეფიციტი, როგორიცაა ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, მალიარები და სხვა მსგავსი პროფესიები. 

რა უნდა გაკეთდეს ? სახელმწიფოს მიერ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც მოამზადებენ შესაბამის კადრებს, მოახდენენ მათ სერტიფიცირებას ან დიპლომირებას. ეს დადებითად აისახება მთლიანად მოსახლეობაზე, შემცირდება უმუშევრობა და გაიზრდება სხვადასხვა პროფესიების ადამიანების კვალიფიკაცია, ასევე მათ სამსახურზე მოთხოვნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

სტრატეგიული მიზანი:
პროფესიული განათლების ქსელის შექმნა, რომელიც მოამზადებს მაღალკვალიფიციურ ტექნიკურ და მომსახურების სფეროს კადრებს.

ამოცანები:

  1. პროფესიული სასწავლებლების გახსნა ყველა რეგიონში.
  2. დეფიციტური პროფესიების მომზადება (ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, ინჟინერი, პროგრამისტი).
  3. საერთაშორისო სერტიფიკატების მინიჭება.
  4. გადამზადების პროგრამები დასაქმებულთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

ვადები:

  • 2027 წლისთვის ყველა რეგიონში მინიმუმ ერთი პროფესიული კოლეჯის გახსნა.
  • 2030 წლამდე 50,000 ადამიანის გადამზადება დეფიციტურ პროფესიებში.
  • 2035 წლისთვის პროფესიული განათლების სისტემაში სტუდენტების წილი გაიზრდება 30%-მდე.

KPIs:

  • 2030 წლისთვის პროფესიული კადრების დასაქმების დონე 80%-მდე.
  • 2035 წლისთვის უმუშევრობის შემცირება მინიმუმ 20%-ით.


განათლების დაფინანსება

საქართველოსთვის განათლება უნდა გამოცხადდეს სტრატეგიულ პრიორიტეტად და უზრუნველყოს მისი ფინანსური მდგრადობა. განათლება არის ქვეყნის განვითარების საფუძველი – ის განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას, სოციალური სამართლიანობის ხარისხს და სახელმწიფოს მომავალს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან განათლების სექტორში სტაბილური და გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება.

ამ მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია სამი ძირითადი ამოცანა:
პირველი – განათლებაში ბიუჯეტის წილის ზრდა. არსებული დაფინანსება ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. აუცილებელია ყოველწლიურად მოხდეს სისტემური მატება, რათა მოხდეს ინფრასტრუქტურის განახლება, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება და ინოვაციური პროგრამების დანერგვა.

მეორე – საჯარო–კერძო პარტნიორობის დანერგვა. განათლების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლებელია მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით. კერძო სექტორისა და ბიზნესის ჩართულობა შექმნის შესაძლებლობას, განვითარდეს პროფესიული განათლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციები.

მესამე – საერთაშორისო ფონდებისა და გრანტების ჩართვა. საქართველო უნდა გახდეს აქტიური მონაწილე გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში. საერთაშორისო რესურსების გამოყენება დაეხმარება ქვეყანას, უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროგრამები და ხელი შეუწყოს განათლების ინტეგრაციას ევროპულ და მსოფლიო სივრცეში.

სტრატეგიული მიზანი:
განათლება გამოცხადდეს სტრატეგიულ პრიორიტეტად და იყოს ფინანსურად მდგრადი.

ამოცანები:

  • განათლებაში ბიუჯეტის წილის ზრდა.
  • საჯარო–კერძო პარტნიორობის დანერგვა.
  • საერთაშორისო ფონდებისა და გრანტების ჩართვა.

ვადები:

  • 2026 წლიდან ბიუჯეტის ზრდა ყოველწლიურად მინიმუმ 0.5%-ით.
  • 2030 წლისთვის განათლებაზე სახელმწიფო ხარჯები მიაღწევს ბიუჯეტის 10%-ს.

KPIs:

  • 2035 წლისთვის საქართველოს განათლების ხარჯები მიაღწევს OECD–ს საშუალო დონეს.


შეჯამება

განათლება არის ქვეყნისა და საზოგადოების მომავალი განვითარების საფუძველი.
2025–2035 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობებს:

  • კონკურენტუნარიან ეკონომიკას,
  • ინოვაციურ საზოგადოებას,
  • ღირსეულ მომავალს თითოეული მოქალაქისთვის.